Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ზე ტესტირების პასუხს კიდევ ერთი გალელი პაციენტი ელოდება


ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს კიდევ ერთი მკვიდრი, რომელსაც კორონავირუსის COVID-19-ის სიმპტომები აქვს.

შუახნის მამაკაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოს რეგიონში გვიან ღამით გადაიყვანეს. პაციენტის ბიოლოგიური მასალა თბილისში, „ლუგარის ლაბორატორიაში“ გაიგზავნა და ტესტირების პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს, 1 აპრილს გაწერენ საბერიოდან 31 მარტს, ღამით გადმოყვანილ ორ მცირეწლოვან ბავშვს და მათ მშობლებს. მათ ვირუსული ინფექციის ნიშნები ჰქონდათ, თუმცა, ექიმების შეფასებით, COVID-19-ზე ტესტირება არ სჭირდებათ.

1 აპრილის დილის მდგომარეობით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 7 პაციენტია. ორ მათგანს COVID-19 აქვს - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მცხოვრებ 67 წლის მამაკაცს, რომელიც თურქეთში მოგზაურობდა და 50 წლის ქალს გალის რაიონის სოფელ საბერიოდან. გალელი ქალი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს, დილით დაბრუნდა, იმავე ღამით კი, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 14 მარტს დაკეტა. თუმცა, ბოლო დღეებში პაციენტებისთვის გზა რამდენჯერმე გახსნა.

მას შემდეგ, რაც სოფელ საბერიოს მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, დე ფაქტო მთავრობამ გალის რაიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG