Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული გალის რაიონის 7 მცხოვრები კარანტინს ანაკლიაში გაივლის


ანაკლია
ანაკლია

ოკუპირებული გალის რაიონიდან სამეგრელოს რეგიონში გადაიყვანეს 7 მოქალაქე, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ COVID-19-ით დაავადებულ ქალთან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, დღეს, 1 აპრილს ჟურნალისტებს აცნობა, რომ ამ პირებს ინფიცირებულ ქალთან კონტაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰქონდათ. შვიდივე მოქალაქე ანაკლიაში მდებარე საკარანტინო ზონაში მოათავსეს და მეთვალყურეობას ექიმები უწევენ.

რწმუნებულის ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალთან კონტაქტი არ ჰქონია გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ გადაიყვანეს. მისი ტესტირების პასუხს თბილისის „ლუგარის ლაბორატორიიდან“ ელოდებიან.

50 წლის ქალი გალის რაიონის სოფელ საბერიოდან, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან დაბრუნდა 29 მარტს, დილით, ღამით კი, კორონავირუსის სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 მარტს პაციენტს COVID-19 დაუდასტურდა. 31 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გალის რაიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 14 მარტს დაკეტა. თუმცა, ბოლო დღეებში პაციენტებისთვის გზა რამდენჯერმე გახსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG