Accessibility links

გაბუნია: გვაქვს ანტისხეულზე დამყარებული 4 000 და ანტიგენზე დამყარებული 2 000 სწრაფი ტესტი


თამარ გაბუნია

ამ დროისათვის საქართველოში არის ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი ტესტი და ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი, რომელსაც ტესტირებისთვის ანალიზატორი სჭირდება. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში ქვეყანაში დამატებით შემოვა 2000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი, რომლით ტესტირებაც ანალიზატორის გარეშეა შესაძლებელი და მის გამოყენებას კლინიკები მარტივად შეძლებენ:

„თითოეულ კლინიკაზე უკვე გამოყოფილია ის ლაბორატორია, რომელიც გარდა ლუგარის და სხვა ლაბორატორიებისა, გააკეთებს საკონტროლო ტესტირებას. ამ შემთხვევაში ჩვენ თავდაპირველად მაინც აუცილებლად მოგვიწევს ხარისხის დასაზუსტებლად კონტროლის მექანიზმის გამოყენება და დადებითი პასუხის გადამოწმება PCR ტესტირებით. ეს სქემა უკვე აწყობილია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის მოადგილის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ახალ კორონავირუსზე ტესტირების ახალი ალგორითმი, რომელიც განსაზღვრავს ტესტირების ჯგუფებს და მეთოდებს. კერძოდ, ახალი ალგორითმის თანახმად, ტესტირებას პაციენტთა 3 ჯგუფი ექვემდებარება: სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას; პირები, რომელთაც მოგზაურობის ანამნეზი არ აქვთ და სამედიცინო დაწესებულებებს ცხელებით მიმართავენ და მაღალი რისკის პირები კონტაქტებით და სამედიცინო პერსონალი.

1 აპრილის 13 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 23.

დადასტურებული 115 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 90 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG