Accessibility links

ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს COVID-19-თან საბრძოლველად თანამშრომლობისკენ მოუწოდეს


ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე, ევროკავშირის წარმომადგენელი ტოივო კლაარი

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან დისკუსიის მონაწილეებს მოუწოდეს, ითანამშრომლონ COVID-19-ის პანდემიის გამო.

თანათავმჯდომარეთა განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაზე თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ და რომელ ენაზე ლაპარაკობენ.

ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლებმა, ტოივო კლაარმა, რუდოლფ მიხალკამ და ჯიჰან სულთანოღლუმ ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს მიმართეს, გვერდით გადადონ უთანხმოება და უზრუნველყონ, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა ტესტირებასა და მკურნალობაზე.

საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის დახმარება გაუწიოს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას.

ბოლო დღეებში, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენჯერმე გახსნა 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი და საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა მისცა ათამდე მოქალაქეს.

1 აპრილის 14:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება გალის რაიონის მცხოვრები, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. კიდევ ერთი გალელი პაციენტის ტესტირების პასუხს დღის ბოლომდე ელოდებიან. ოკუპირებული გალის რაიონიდან სამეგრელოს რეგიონში კარანტინის გასავლელად გადმოიყვანეს 7 მოქალაქეც, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დაინფიცირებულ ქალთან.

დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დაკეტილი აქვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG