Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: ჩემი კოლეგა გმირია, ყველაფერი გააკეთა, რომ პაციენტისთვის მოევლო


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მედდა, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა კორონავირუსით COVID-19, გმირია.

„ჩემი ეს კოლეგა არის გმირი. იმიტომ, რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკურად კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ პაციენტისთვის მოევლო. რა თქმა უნდა, მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს იქ რა ხდებოდა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, მედდის ყველა კონტაქტი მიკვლეულია და ყურადღების ქვეშაა.

30 მარტს, ახალი კორონავირუსით ინფიცირება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედდას დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მედდის დაინფიცირების მიზეზი, სავარაუდოდ, დაუმორჩილებელი პაციენტი გახდა. მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი მკაცრად იცავდა პროტოკოლით დადგენილ წესებს, თუმცა სამედიცინო პერსონალი მაღალი რისკის ქვეშაა და ამისგან არ არის დაცული.

1 აპრილის 14 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 23.

დადასტურებული 115 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 90 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG