Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცქიტიშვილი: 14-მილიარდიანი ბიუჯეტიდან 2-ის გამოყოფა სხვა ხარჯების შემცირებას გამოიწვევს


მაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ლარის გამოყოფა ნიშნავს იმას, რომ თანხები შესაბამისად შემცირდება მთელი წლისთვის დაგეგმილ ინიციატივებსა და პროგრამებზე:

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 14-მილიარდიანი ბიუჯეტიდან 2 მილიარდის გამოყოფაზე, გასაგებია და გვესმის, რომ ძალიან ბევრი ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვქონდა გაჟღერებული მთელი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ის პროგრამა, რომელიც ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული და რომელიც სრულდება, ასევე მიმდინარე და ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც იყო გათვალისწინებული, ჩვენ მოგვიწევს ამ მუხლების ნაწილში ხარჯების შემცირება“, - განაცხადა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა. მისი თქმით, მთავრობა მიმდინარე საბიუჯეტო ხარჯების შემცირების გარდა, განიხილავს ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებასაც.

მაია ქციტიშვილის განმარტებით, კრიზისული ბიუჯეტი საბოლოო ფორმას მას შემდეგ მიიღებს, რაც გამოიკვეთება დაავადებასთან ბრძოლის პერიოდი და ის სიმძიმე, რომელიც ბიზნესის ამა თუ იმ სექტორს დააწვება.

მაია ცქიტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეკონომიკის მხარდაჭერის 2-მილიარდიანი პაკეტის მიწოდებით ბიზნესი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება მოქალაქეებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეს თანხა მიმართული იქნება სამუშაო ადგილების, კომპანიების, მიმდინარე წარმოებებისა და ბიზნესების შესანარჩუნებლად.

გიორგი გახარიას განმარტებით, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად, ჯანდაცვის მიმართულებით ცალკე გამოიყო 351 მილიონი ლარი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

1 აპრილის 15 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან აქტიურია - 90.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG