Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის აგრარული ბაზრები შესაძლოა დაიხუროს


სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის აგრარული ბაზრების ადმინისტრაციებს აფრთხილებს, უზრუნველყონ ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების შესრულება. რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რწმუნებულის თქმით, ბაზრები დაიხურება.

„ჩვენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს - ეს არის, ჰიგიენა და დისტანცია. ის, რაც დღეს ბაზრებში ხდება, არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან.

ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვთ მათ, ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

მარნეულისა და ბოლნისის მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ, საპოლიციო კონტროლი სამეგრელოში 29 მარტიდან გამკაცრდა. 31 მარტის დილის 08:00 საათიდან კი ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

1 აპრილის 17 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან აქტიურია - 90.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG