Accessibility links

ციხელაშვილი: აფხაზეთიდან გადმოყვანილი ორი ბავშვი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ არის


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ლაპარაკობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის შესახებ.

მინისტრის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ერთი პაციენტი მკურნალობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება სხვა პირებს, ციხელაშვილი ამბობს, რომ „ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს გუშინ [31 მარტს] და მათი მდგომარეობა არის ნორმალური. ისინი ამ ეტაპზე არიან სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. იმ ქალბატონთან, რომელსაც დაუდგინდა COVID-19, კონტაქტში მყოფი პირები იდენტიფიცირებულები არიან. ასევე 7 პირი გადმოყვანილია და კონტროლირებად ტერიტორიაზე საკარანტინო ზონაში არიან. ვფიქრობთ, რომ ამ ქალის მოგზაურობის ისტორიასა და მის კონტაქტებთან დაკავშირებით მეტწილად მიღებულია ზომები. ზოგადად, ორივე ტერიტორიაზე ძალიან სახიფათო მდგომარეობაა“.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, წინა დღეებში რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ასობით ადამიანი ჩავიდა. „რადგან ერთმა ქალმა მოგვმართა და მას დაუდგინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთია, რომელსაც კორონავირუსი აქვს“, - თქვა ციხელაშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი, ციხელაშვილის შეფასებით, მდგომარეობა შემაშფოთებელია. როგორც მინისტრი ამბობს, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების პასუხი საკმაოდ დესტრუქციულია და ის შეთავაზებებს არ იღებს.

„საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა იქ არ არის, გარდა წითელი ჯვრისა, რომელთანაც აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადგილზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა, სრული იზოლაციის პირობებში, მოსახლეობას შევუმსუბუქოთ.

ახალგორის მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია. ამ სრული იზოლაციის პირობებში სხვა პაციენტებსაც შეუზღუდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. აღარ ვსაუბრობ ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე სააფთიაქო ქსელებიდან, ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში“, - აღნიშნავს ციხელაშვილი.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობას დახმარებოდა. „დღეს უკვე ნაბიჯებს ვდგამთ“, - თქვა მან.

რადიო თავისუფლებას გალში მცხოვრებმა რესპონდენტმა შეატყობინა, რომ ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გამომგზავრება სურდა კიდევ ერთ ქალს, რომელსაც ასევე ჰქონდა ცხელება და ხველა, თუმცა ის ე.წ. მესაზღვრეებმა არ გაატარეს. ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა ექიმმა ლალი დარახველიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG