Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC მზადაა „Evolution Gaming“-დან  დათხოვნილთა  ინტერესები სასამართლოში დაიცვას


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC, კომპანია „Evolution Gaming“-ის მიერ დასაქმებულთა მასობრივი დათხოვნის ფაქტს ქვეყანაში არსებული შრომოთი სტანდარტების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.

”ონლაინ კაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ, „ევოლუშენ გეიმინგმა“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 3 000 დასაქმებულიდან ნაწილი არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა, ხოლო 1 300-მდე დასაქმებული სამსახურიდან დაითხოვა”, - აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში. EMC-ის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის პერიოდში დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის ქვეყანაში მოქმედი უფლებრივი სტანდარტების უგულებელყოფა:

„ცხადია, რომ ევოლუშენ გეიმინგმა სამუშო ძალა შეამცირა არა ფუნქციონირებისათვის საჭირო კადრების გამორჩევითა და გამოყოფით, არამედ იმის მიხედვით, თუ ვისთან უფრო ნაკლები ფინანსური დანახარჯით შეძლებდა შრომითი ურთიერთობის გაწყვეტას. ცხადია, რომ ეს გადარჩევა კომპენსაციის გადახდის ვალდებულების თავის არიდების გამო განახორციელა და არ იყო მოტივირებული საჭიროებების კვლევით”, - აღნიშნულია განცხადებაში.

EMC მხარს უჭერს „Evolution Gaming“-დან უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანებს და მზადაა არსებული რესურსის გათვალისწინებით, მათი ინტერესები სასამართლოშიც დაიცვას.

ონლაინ კაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ „Evolution Gaming“-მა 1300 თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 31 მარტს განაცხადა. დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის გამო შექმნილი მდგომარეობა და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება დაასახელა.

1 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს თანხა მიმართული იქნება სამუშაო ადგილების, კომპანიების, მიმდინარე წარმოებებისა და ბიზნესების შესანარჩუნებლად.

თავის მხრივ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეკონომიკის მხარდაჭერის 2 მილიარდიანი პაკეტის მიწოდებით ბიზნესი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება მოქალაქეებს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

1 აპრილის 18 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან აქტიურია - 90.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG