Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეზუგბაია: პატრიარქის კურთხევა, როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე, ალბათ მას შევასრულებ


„მე მორწმუნე ვარ, მართლმადიდებელი მორწმუნე. მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას. პატრიარქის კურთხევა, როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი ალბათ მას შევასრულებ“, - ასე უპასუხა ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ შეკითხვას, რეკომენდაცია „დარჩი სახლში“ უნდა შეეხოს თუ არა ყველას, მათ შორის მრევლს?

შეკითხვაზე, როგორც ექიმს განსხვავებული რეკომენდაციები გაქვთ მრევლისთვის და სხვებისთვის? ეზუგბაია პასუხობს: „ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე, მეტ-ნაკლებად. თუ მორწმუნე ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ტაძარში მივიდეს, აქ ლაპარაკია სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებასთან დაკავშირებით, თუ დაიცვება ყველა ის წესი, რომელიც მოწოდებულია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება“.

1 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი ერთ-ერთი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.

ზიარების წესი კი უცვლელი რჩება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 117 შემთხვევა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 301.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG