Accessibility links

აშშ აცხადებს, რომ რუსეთისგან სამედიცინო საშუალებები იყიდა


სამედიცინო დანიშნულების ტვირთი რუსულ სამხედრო თვითმფრინავში

სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ რუსეთიდან ნიუ-იორკში ჩატანილი სამედიცინო დანადგარები და სხვა საშუალებები აშშ-მა შეიძინა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მორგან ორტაგუსის განცხადებით, პრეზიდენტებს, ტრამპს და პუტინს შორის 30 მარტს გამართული სატელეფონო საუბრისას აშშ დათანხმდა რუსეთისგან შეეძინა საჭირო სამედიცინო დანადგარები, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატები.

ორტაგუსის განცხადებაში არ არის დასახელებული ტვირთის მოცულობა და თანხა, რომელიც აშმა-მა გადაიხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი აღნიშნავს, რომ კორონავირუს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს ბევრ სახელმწიფოსთან.

1 აპრილს რუსული მედია აქტიურად იუწყებოდა, რომ სამხედრო თვითმფრინავით ნიუ-იორკში ჩატანილი სამედიცინო დანიშნულების ტვირთი აშშ-ისადმი რუსეთის საჩუქარი და ჰუმანიტარული დახმარებაა.

2 აპრილს რუსულმა სააგენტო "რია-ნოვოსტიმ" და მასზე დაყრდნობით სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადება, თუმცა, რუსულ ვარიანტში არ არის ნახსენები, რომ განცხადების ის ნაწილი, სადაც წერია, რომ აშშ-მა სამედიცინო საშუალებები შეისყიდა.

კრემლის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთი დახმარებას იყენებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდისთვის, რათა უცხოეთში შიში დათესოს, რუსეთში კი, პუტინის პოზიციები გააძლიეროს. ცოტა ხნის წინ მოსკოვმა დატვირთული თვითმფრინავები და ათობით ექსპერტი გაგზავნა იტალიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG