Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კომენდანტის საათის გამოცხადებაზე ფიქრობს


სოხუმის ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლები
სოხუმის ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუს COVID-19-ის გავრცელებასთან საბრძოლველად შექმნილი საკოორდინაციო შტაბი აცხადებს, რომ მსოფლიოში და „მეზობელ ქვეყნებში“ დაავადებულთა რიცხვის ზრდა და ადგილობრივ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული გაუაზრებელი დამოკიდებულება აიძულებს, რომ ზომების გამკაცრებაზე იფიქროს.

დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას ხელმძღვანელობით მოქმედი შტაბი ამგვარ ზომებად ასახელებს კომენდანტის საათის გამოცხადებას და „სახელმწიფო საზღვარზე“ მიმოსვლის სრულად აკრძალვას, გარდა სურსათის და სამედიცინო ტვირთის ტრანსპორტირებისა. საუბარია რუსეთთან ე.წ. საზღვარზე.

შტაბის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ უახლოეს დღეებში არ შემცირდება ტრანსპორტით და ქვეითად გადაადგილების ინტენსივობა.

ოკუპირებულ აფხაზეთში 28 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. აიკრძალა უცხო ქვეყნების მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთა, მასობრივი შეკრებები, მიტინგები და სხვა ღონისძიებები, შეიზღუდა ტრანსპორტის მიმოსვლა და დაიხურა სავაჭრო და გასართობი დაწესებულებები. აკრძალვა არ ეხებათ სურსათის მაღაზიებს და აფთიაქებს. ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ აფხაზეთში კორონავირუსის გამოსავლენად რუსეთიდან მიღებულ ტესტირების საშუალებებს იყენებენ და დღემდე COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამასთან, 30 მარტს თბილისის „ლუგარის ლაბორატორიაში“ ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ კორონავირუსით დაავადებულია გალის რაიონის მცხოვრები ქალი, რომელიც რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დილით დაბრუნდა. პაციენტი ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოშია.

ბოლო დღეებში, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენჯერმე გახსნა 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი და საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მისაღებად გამგზავრების საშუალება მისცა საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG