Accessibility links

კომენდანტის საათის დარღვევისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 20-მდე მოქალაქე დააჯარიმეს


კომენდანტის საათის დარღვევისთვის, წუხელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააჯარიმეს 20-მდე მოქალაქე. ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის წესები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით ჯარიმდება. განმეორებითი დარღვევა კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ფასდება და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კორონავირუსის COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან დააწესა ფაქტობრივად, სრული კარანტინი და კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 6:00 საათამდე მოქმედებს.

სხვა ქალაქების მსგავსად, ზუგდიდშიც გაიხსნა სპეციალური ბლოკ-პოსტები. მუნიციპალიტეტში 7 ასეთი პუნქტია, სადაც ხორციელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი და გადაადგილების კონტროლი.

2 აპრილის დილის მდგომარეობით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით დაავადებული ორი პაციენტია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მცხოვრები 67 წლის მამაკაცი, რომელიც თურქეთში მოგზაურობდა და 50 წლის ქალი გალის რაიონის სოფელ საბერიოდან. ის ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან დაბრუნდა.

წუხელ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხიდან ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს თვითიზოლაციაში მყოფი დედა-შვილი. ზუგდიდის მერის ინფორმაციით, გამოკვლევების შემდეგ გადაწყდება, ჩაუტარდებათ თუ არა ამ პაციენტებს კორონავირუსზე ტესტირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG