Accessibility links

ნათია თურნავა: სამშენებლო კომპანიები მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, დღევანდელი გადასახედიდან სამშენებლო სექტორი ახალი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მომატებული რისკის სფეროა და მისი შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება სრულიად გამართლებული იყო. მინისტრის თანახმად, აღნიშნული კომპანიებს საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცემათ მაშინვე, როგორც კი დაარწმუნებენ შესაბამის მაკონტროლებლებს იმაში, რომ ასრულებენ გაიდლაინებს და იცავენ დასაქმებულების უსაფრთხოებას:

„ყველა გადაწყვეტილება ამა თუ იმ კომპანიის დაშვებაზე მიიღება საგანგებო შტაბის ფორმატში. შემუშავდება კონკრეტული ფორმა , რომლის გზითაც მოგვმართავენ ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო კომპანიები...ჩვენ გადავამოწმებთ ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით, როგორ ასრულებენ ეს კომპანიები მოთხოვნებს და რა გარანტიები არსებობს იმის, რომ უსაფრთხოდ ფუნქციონირებენ. ამის შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი ვარაუდობს, რომ მსხვილ სამშენებლო კომპანიებს დაწესებული მოთხოვნების შესრულება უფრო გაუადვილდებათ, ვიდრე წვრილ კომპანიებს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტის დილის 08:00 საათიდან კი ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

2 აპრილის 14:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG