Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ქვეყანა კრიზისში შედის და სანამ ეკონომიკა კრიზისამდელ დონეს არ დაუბრუნდება, დასაქმებულთა ნაწილი სამსახურს დაკარგავს.

"ეს ასეა. თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, ჩვენ შევდივართ კრიზისში და მანამ, სანამ არ ამოიქოქება ეკონომიკა იგივე დონეზე, რაც იყო კრიზისამდე, რა თქმა უნდა, იქნება დროებითი სირთულეები", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ეს დროებითი სირთულეები დასაქმებულებს გვერდს ვერ აუვლის:

„რა თქმა უნდა, იქნება დროებითი სირთულეები და ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს დაარტყამს დასაქმებულებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია იჩენს მაქსიმალურ პასუხისმგებლობას და ცდილობს დასაქმება შეინარჩუნოს, კარგად გვესმის, რომ ეს ყოველთვის ვერ მოხდება", - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტი მიმართულია ორი ისეთი სფეროსაკენ, როგორებიცაა ბიზნეს სექტორი და უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულები. ნათია თურნავას თანახმად, ამ ეტაპზე დასაქმებულებს მთავრობამ შესთავაზა კომუნალური დახმარების პაკეტი, გადაწყვეტილება სხვა სახის დახმარებაზე კი უახლოეს ხანში იქნება მიღებული:

„პროცესისთვის მომზადება ნიშნავს რესურსულ უზრუნველყოფას და სწორ მართვას რესურსების. აქედან გამომდინარე ეს ღონისძიება იქნება მიღებული სწორ დროს, სწრორი პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტის დილის 08:00 საათიდან კი ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

2 აპრილის 14:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG