Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: ყველა ბიზნესი დაშვებული იქნება, რომელიც შეასრულებს დადგენილ წესებს


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ყველა ბიზნესი, რომელიც მთავრობის რეკომენდაციებს შეასრულებს და ვირუსის პრევენციისთვის მოსახლეობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარანტიებს წარადგენს, შეძლებს საქმიანობის განახლებას:

"ყველა, ვინც ეტაპობრივად დაგვანახებს იმ გარანტიებს, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს და უზრუნველყოფს საკუთარი თანამშრომლების, საკუთარი კლიენტების უსაფრთხო ფუნქციონირებას, რა თქმა უნდაა, ამ ბიზნესების საქმიანობაც შემდგომში იქნება დასაშვები, მაგრამ პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ამავე ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ მკაცრად გაკონტროლდება როგორ იცავენ წესებსა და გაიდლაინებს ის საწარმოები, რომელთა გაჩერებაც მთავრობამ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტის დილის 08:00 საათიდან კი ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

2 აპრილის 14:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG