Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: მთავრობის წევრებს კორონავირუსზე ტესტი ჯერ არ უტარდებათ


საქართველოს მთავრობის წევრებს COVID19-თან დაკავშირებით ტესტები, ჯერჯერობით, არ უტარდებათ, - განაცხადა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, ახალი ალგორითმის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც ელიან, ერთ-ერთ ვარიანტად განხილულია იმ მაღალი თანამდებობის პირების ტესტირებაც, ვინც სამუშაოს ვერ წყვეტს. საუბარია ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტით გამოკვლევაზე და არა PCR ტექნოლოგიით დიაგნოსტირებაზე.

„ახალი ალგორითმებით ერთ-ერთი არის მაღალი რისკის მქონე პროფესიების პერიოდული ტესტირება. ხაზგასმით აღვნიშნავ, აქ ლაპარაკია, არა მოლეკულური ტესტზე, არამედ ანტისხეულების ტესტის ჩატარებაზე. ყბადაღებული ანტისხეულები რომ გვესმოდა. მსოფლიო ბაზარზე ანტისხეულების ტესტების სანდო ტესტები უკვე ნელ-ნელა გამოჩნდა. ერთ-ერთ ვერსიად შემდეგ განიხილება, რომ მაღალი რისკის ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ვერ შეწყვეტენ მუშაობას, რადგან ამ პერიოდში მათი მუშაობა სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის მართვისათვის, შესაძლოა, მათაც პერიოდულად ჩაუტარდეთ ანტისხეულის ტესტები", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პირი უკვე აღარ განიხილება პროფესიული თვალსაზრისით რისკის ჯგუფად. ის უკვე იქნება რისკის ჯგუფი ინფიცირების თვალსაზრისით და მას, როგორც სხვას ყველას ჩაუტარდება მოლეკულური ტესტი.

2 აპრილის 15:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG