Accessibility links

კორონავირუსზე ინგოროყვას კლინიკის თანამშრომლის პასუხს ელოდებიან, ორი ექიმი კი თვითიზოლაციაშია


ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომლის გამოკვლევის პასუხს ელოდებიან კორონავირუსზე. როგორც რადიო თავისუფლებას კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორმა ნინო ქოჩორაშვილმა უთხრა, მათ რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც მათ საავადმყოფოში ამბულატორიული მიზეზით რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა, დაუდასტურდა კორონავირუსი.

„ჩვენთან იყო მიღებული პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა: ორი ექიმი და ადმინისტრაციის ერთი თანამშრომელი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში ყოფნის დროს უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო. დღეის მდგომარეობით ორი ექიმის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია, მათ არანაირი სიმპტომი არ აქვთ და ისინი კვლავ თვითიზოლაციაში იმყოფებიან. თავს კარგად გრძნობენ“, - აღნიშნავს ქოჩორაშვილი.

ადმინისტრაციის თანამშრომელს კი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, გუშინ ტემპერატურა აღენიშნებოდა.

„ვინაიდან რისკჯგუფს წარმოადგენს, კორონავირუსის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას მასალა აუღეს და დღეს ველოდებით პასუხს“, - გვითხრა კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორმა. თუ დადებითი პასუხი შედეგი იქნება, კლინიკა შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინსტრუქციას დაელოდება.

ამჟამად საავადმყოფო ჩვეულებრივ მუშაობს.

„ჩვენ ქვეყანაში პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ მუდმივად ვატარებთ ყველა ზომას“, - ამბობს ქოჩორაშვილი.

2 აპრილის 17:00-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 130 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული 26. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG