Accessibility links

დეკანოზის თქმით, შესაძლებელია, ადამიანები ეკლესიაში 21:00-ზე მივიდნენ და 06:00-ის შემდეგ სახლებში დაბრუნდნენ


დეკანოზმა შალვა კეკელიამ „ფორმულას“ უთხრა, როგორ არის შესაძლებელი კომენდანტის საათის პირობებში სააღდგომო ღამისთევის ლიტურგიაზე ხალხის დასწრება.

„ჩვენმა პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იმ ღირებულებებს, რომელიც უმთავრესია ქრისტიანისათვის, არ ღალატობს. მისმა უწმინდესობამ გაამახვილა ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია დისტანციების დაცვა.

თუ ადამიანს შეუძლია პურის რიგში დგომა, ანუ ხორციელი საკვების რიგში დგომა, რატომ უნდა ეკრძალებოდეს ადამიანს სულიერი პურის მოსაპოვებლად რიგში დგომა.

თავისუფლად შესაძლებელია, ჩემი აზრით, ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში, გადანაწილდებიან, ტაძრებში ყველგან დანიშნული იქნება ადგილები, სადაც ადამიანები უნდა იდგნენ და დილის 06:00 საათის შემდეგ სახლებში წავლენ“, - ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

1 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი ერთ-ერთი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.

ზიარების წესი კი უცვლელი რჩება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 134 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის 26 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG