Accessibility links

საქართველოს 230-ზე მეტი მოქალაქე ბერლინიდან და ვარშავიდან დაბრუნდება


დღეს, 3 აპრილს საქართველოში დაბრუნდება კიდევ 230-ზე მეტი მოქალაქე, რომლებიც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო, სამშობლოში გამგზავრებას ვეღარ ახერხებდნენ.

ვარშავა-თბილისის და ბერლინი-თბილისის რეისებს შეასრულებენ პოლონური და ქართული ავიაკომპანიები, Polish Airlines-ი და Georgian Airways-ი.

საქართველოს მთავრობის და ავიაკომპანიების კოორდინაციით დაგეგმილი რეისების განრიგის გამოქვეყნების შემდეგ, რასაც თან ახლდა განმარტება, რომ ავიაკომპანიები ბილეთებს რეისამდე ორი დღით ადრე, თავისუფალი პრინციპით გაყიდდნენ, არაერთი მოქალაქე საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ ბილეთების შეძენა პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

სამინისტროში აცხადებენ, რომ Polish Airlines-ისგან მიღებული მონაცემებით, 1 აპრილს ავიაკომპანიამ ვარშავა-თბილისის რეისზე გასაყიდად გამოიტანა 67 ბილეთი, მათი გაყიდვა დაიწყო ვარშავის დროით 10:00 საათზე, 32 ბილეთი გაიყიდა ვარშავის აეროპორტში მდებარე სალაროდან, ხოლო დარჩენილი 35 ბილეთი კომპანიის ვებსაიტის მეშვეობით, 20 წუთის განმავლობაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, რაც შეეხება დანარჩენ 46 ბილეთს, 26 მარტს კომპანიამ ბილეთების ნაწილი გაყიდა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად: „ამ ფაქტის აღმოჩენის შემდგომ, კომპანიას ქართული მხარისგან ეთხოვა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ბილეთების რეალიზაცია, რადგან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განრიგით გაწერილ რეისებზე ბილეთების გაყიდვა უნდა მოხდეს ავიარეისამდე 2 დღით ადრე“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, ბერლინი-თბილისის ავიარეისის 120-დან 110 ბილეთი Georgian Airways-მა გაყიდა ჯერ კიდევ ავიამომოსვლის შეზღუდვამდე: „კომპანიის მიერ დაგეგმილ ავიარეისებზე ყოველთვის არის მგზავრთა ნაწილი, რომელსაც დიდი ხნით ადრე, გეგმურ ფრენებზე აქვს შეძენილი ბილეთები. შესაბამისად, მათი უფლებების დაცვის მიზნით, კომპანია ვერ ახერხებს ბილეთების სრული რაოდენობის ე.წ. თავისუფალ გაყიდვაში გამოტანას“.

გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ვენიდან და ამსტერდამიდან დაბრუნდა 300-ზე მეტი მოქალაქე. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში Georgian Airways-ი რეისებს შეასრულებს ლონდონიდან(4 აპრილი), ათენიდან(7 აპრილი) და ლარნაკიდან(10 აპრილი).

საკოორდინაციო საბჭომ დაადგინა კიდევ ორი ავიარეისის თარიღი. 12 აპრილს შესრულდება თბილისი-ბერლინი-თბილისის და 14 აპრილს თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავიარეისები სრულდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლითა და მგზავრების განლაგება ხდება ჭადრაკისებრი პრინციპით. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ნებისმიერი კლასის სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

საქართველოს ხელისუფლებისგან სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ არაერთ ქვეყანაში მყოფი მოქალაქეები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ აქვს პასუხი, შესაძლებელი იქნება თუ არა სპეცრეისების შესრულება ისეთ ქვეყნებში, როგორიც, მაგალითად, იტალია და ესპანეთია. ამ სახელმწიფოებში COVID-19-ის გავრცელების მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა.

რამდენიმე დღის წინ, მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ „შესაძლებლობის ფარგლებში და გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია არ არის მარტივი, თითოეულ ქვეყანასთან ინდივიდუალურად არის სამუშაო იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო და იმ შეზღუდვების გამო, რომელიც ამ ქვეყნებს აქვთ დაწესებული, მოხდეს დაორგანიზება შესაბამისი ჩარტერული, სპეციალური რეისების“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG