Accessibility links

მარინა ეზუგბაია: დღეში 18-20 ახალი შემთხვევა მისაღებია


მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 115-დან 148-მდე ავიდა, რაც, მისი შეფასებით, დიდი მაჩვენებელი არ არის.

მარინა ეზუგბაიას თანახმად, თუ მატება დღეში 18-20 პაციენტის ფარგლებში გაგრძელდება, შესაძლებელი იქნება პრობლემა დიდი დანაკლისების გარეშე გადაილახოს:

„თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ასე ზომიერი, კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ, რომ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა დიდი დანაკლისებისა და არეულობის გარეშე. თუ ამას შევინარჩუნებთ თუნდაც , დღეში 18 -20 პაციენტი, რომ იყოს, ეს არ არის დიდი ტრაგედია, როდესაც უკვე ვლაპარაკობთ მეოთხეულ, ანუ შიდა გადაცემაზე, ეს მაჩვენებლები, ეს ციფრები მისაღებია, ნორმაში ეტევა და არ არის კატასტროფა. ნუ გვექნება უფრო მეტი მაჩვენებელი, რომელიც არაკონტროლირებადს გახდის სიტუაციას. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია, ასე დავამთავრებთ”, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

3 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების148 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, განიკურნა - 27.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში დადასტურებული 148-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. 27 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 119 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG