Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ცქიტიშვილი: დახმარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს


დახმარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ჩვენ დღეს ამაზე პასუხი ვერ გვექნება, - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მისი განცხადებით, ამ ადამიანთა აღრიცხვა და გამოვლენა ჯერ არ დაწყებულა.

„ამიტომაც, ნებისმიერი დაპირება დღეს, რომ ჩვენ დავეხმარებით ამდენ ათას ადამიანს ამდენი ლარით ან ამდენი თვის განმავლობაში, იქნება საფუძველს მოკლებული. იქნება რეალობისგან მოწყვეტილი“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი განმარტებით, კონკრეტული ციფრების დასახელებას და კონრეტული თანხების შეთავაზებას ხელისუფლება შეძლებს მას შემდეგ, რაც აპრილში დაითვლის, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური მარტში და ვეღარ აიღო ხელფასი.

„როდესაც კონკრეტული დახმარების პაკეტებზე ვსაუბრობთ, ჩვენ, პირველ რიგში, ვსაუბრობთ უხელფასოდ დარჩენილი ადამიანების დახმარებაზე, შესაბამისად, მხოლოდ აპრილის თვეში ჩვენ შევძლებთ იმის შეფასებას, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური მარტში, მაისში შევძლებთ იმის შეფასებას, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური აპრილში და ა.შ.“, - განაცხადა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, იმედია, მთავრობისგან ბიზნესისთვის შეთავაზებული დახმარების პაკეტით, ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და იმედია, არ აღმოჩნდება ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც უკვე მარტში დაკარგა სამსახური.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მათზე ვრცელდება კომუნალური საგადასახადო შეღავათები, ეს დახმარება 1 მლნ 200 ათას ოჯახს შეეხება და მათ ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან 3 თვით გადაუვადდათ სესხების გადახდა.

„როდესაც ჩვენ გავაჟღერეთ 2,5-მილიარდიანი დახმარების პაკეტი, მაშინაც ვთქვით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ იმ ფენების იდენტიციფირებას, იმ სოციალური ფენების იდენტიფიცირებას, ვის შემოსავლებსაც აღნიშნული კრიზისის შედეგად მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი და, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ უკვე დამატებით პაკეტების გაჟღერებას ასეთი ტიპის ადამიანებისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

იმისათვის, რომ სახელმწიფომ ამ ადამიანების დახმარება შეძლოს, არ არის საჭირო ეს პირები სადმე თავად დარეგისტრირდნენ, მაია ცქიტიშვილის თქმით, მოქალაქეებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, მთავრობა დაინახავს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა ნუსხაში.

„საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა შემცირებით ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა არ ან ვერ მიიღო ხელფასი. მას შემდეგ ჩვენ გვეცოდინება ამ ადამიანების რაოდენობა და მას შემდეგ ჩვენ შევაფასებთ, რა მოცულობის თანხებთან შეიძლება გვქონდეს საქმე და რა მოცულობის თანხები იქნება საჭირო ამ ადამიანების დასახმარებლად, იმ შესაძლებლოდან გამომდინარე, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს ექნება, საერთაშორისო პატრნიორების დახმარებით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ხელისუფლებას სჭირდება საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ შეფასდეს, რა რაოდენობის ადამიანს შეიძლება სჭირდებოდეს დახმარება.

3 აპრილის 13:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 148 შემთხვევა. მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG