Accessibility links

მთავრობის ეკონომიკურმა ბლოკმა პოსტკრიზისული გეგმა უნდა მოამზადოს


ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს დაავალა, პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობა დაიწყონ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ: „ანუ, მუშაობა ეკონომიკის აღირძინებაზე მას შემდეგ, რაც იმედია, სწრაფად და ეფექტურად დავამარცხებთ კორონავირუსის გამოწვევას“.

ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველო მოვლენებს რამდენიმე ნაბიჯით წინ უსწრებს და ამიტომ არის ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა კორონავირუსთან გამკლავებაში: „ეკონომიკასაც რაც შეეხება, აქაც ასე მოვიქცევით და მართალია, ჯერ კიდევ კორონავირუსთან ბრძოლის შუა ეტაპზე ვართ და პრეკრიზისულ პერიოდში, მაგრამ მზად უნდა შევხვდეთ იმ ეტაპს, როდესაც დავამარცხებთ ვირუსს და დავეხმარებით ქართულ ეკონომიკას, რომ კვლავ ამოიქოქოს და მიაღწიოს წინა ნიშნულებს“.

ნათია თურნავას თქმით, პოსტკრიზისულ გეგმაში აისახება და ამოქმედდება ყველა არსებული ბერკეტი, მათ შორის, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და მთავარი ამოცანა იქნება იმპორტის ჩამნაცვლებელი ბიზნესის განვითარება და გამოყენება ყველა იმ ადგილობრივი რესურსისა, რომელიც ქართულ ბაზარს დააკმაყოფილებს.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, „აწარმოე საქართველოში“ სრულად გადაეწყობა ამ ახალ ამოცანაზე და უფრო ეფექტიანი გახდება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი. თურნავას განცხადებით, ამოქმედდება ყველა სხვა არსებული ბერკეტიც, რათა ადგილობრივი წარმოება იყოს დაცული, განვითარდეს და კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს, პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზარი დააკმაყოფილოს და როცა გლობალური კრიზისი გადაივლის, ექსპორტიც მაქსიმალურად გაფართოვდეს.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, დღეს უკვე გამოითქვა ინიციატივა, რომ აგარის შაქრის კომბინატის მუშაობა განახლდეს და ამ პროდუქტზე მოთხოვნის თითქმის 50%-ს ადგილობრივ ბაზარს სწორედ ეს საწარმო შეუვსებს. ნათია თურნავას ინფორმაციით, იმუშავეს ინვესტორებსა და კომპანიის ხელმძღვანელობასთან, ორ თვეში ქარხანა მწყობრში უნდა ჩადგეს და გადაწყდეს წარმოების შეჩერებით ხუთასამდე თანამშრომლისთვის შექმნილი პრობლემაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG