Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი: აპლიკაციის გამოყენებით პრევენცია 40%-ით გაიზრდება


საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლას გააგრძელებს მობილური აპლიკაციით, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, აპლიკაციის გადმოტვირთვა იქნება ნებაყოფლობითი. ეკატეტინე ტიკარაძემ განმარტა, რომ უკვე ჩატარდა კვლევა იმის გასარკვევად, თუ მოსახლეობის რა ნაწილს შეუძლია ჰქონდეს ეს აპლიკაცია.

„შედეგად, გამოვლინდა, რომ ჩვენ შეგვიძლია სოციალური დისტანცირების და პრევენციის გაზრდა 40%-მდე, ეს იქნება ძალიან ეფექტური შედეგის მომცემი, იმისათვის, რომ ჩვენ აღვკვეთოთ კოვიდის გავრცელება საქართველოში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი განმარტებით, აპლიკაციის წარმატებული გამოყენების მაგალითი უჩვენა სამხრეთმა კორეამ. ის ადამიანებს საშუალებას აძლევდა, თავი აერიდებინათ არასასურველი კონტაქტებისგან, თუ მათ აპლიკაცია საეჭვო კონტაქტთან სიახლოვეს უჩვენებდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს საქართველოში იმ მობილური აპლიკაციის დასანერგად, რომელიც მოქალაქეებს შესაძლო ინფიცირებულ პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს.

3 აპრილის 15:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 148 შემთხვევა. მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG