Accessibility links

იონათამიშვილი ეხმაურება 20 ივნისის შეფასებას სახალხო დამცველის ანგარიშში


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა შეაფასა 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში.

„ყოველწლიურად დიდი ინტერესით ვეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს - ამჯერად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ეს უფრო მეტად არის პოლიტიკური დოკუმენტი, ვიდრე მხოლოდ უფლებებზე ორიენტირებული“, - თქვა იონათამიშვილმა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საპარლამენტო ფორმატზე გადასვლის შემდგომ, ანგარიშის შესახებ აქტიური დისკუსია გაიმართება.

იონათამიშვილი ანგარიშში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შეფასებებს ეხმაურება.

მისი თქმით, დადასტურებულია ის, რასაც მმართველი გუნდი 2019 წლის 20-21 მოვლენებისას ამბობდა. „რაც შეეხება ივნისის მოვლენების შეფასებას, რასაც ვამბობდით, ფაქტობრივად, ის მიმართულება დადასტურებულია ამ კვლევითაც, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხორციელდებოდა ღონისძიებები და მინისტრის მხრიდან, მათ შორის, არ ჰქონდა ბრძანებას ადგილი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებული პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების ფონზე გამოვლინდა.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ძალის გამოყენებამდე ადგილზე არ შესრულებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ვალდებულება, როგორიცაა შეკრების მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით წინასწარი გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, მათთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.

ანგარიშის თანახმად, აქციის დაშლის დროს პოლიციამ ძალას გადაამეტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG