Accessibility links

ჩინეთი კორონავირუსით დაღუპულებს გლოვობს, მსოფლიოში COVID-19-ის მსხვერპლის რაოდენობა იზრდება


ჩინეთი გლოვობს ათასობით დაღუპულს, რომლებიც COVID-19-ს ემსხვერპლნენ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოელიან ვითარების გაუარესებას.

ჩინეთში 4 აპრილს დაშვებულია სახელმწიფო დროშები, შეჩერებულია ყოველგვარი გასართობი თავყრილობა, ადგილობრივი დროით დილის ათი საათისთვის სამი წუთით გამოცხადდა დუმილი გარდაცვლილთა, მათ შორის სამედიცინო პერსონალის და ექიმების, ხსოვნის პატივსაცემად. დუმილის დროს ისმოდა ავტომანქანების, მატარებლების და გემების საყვირების, ასევე საჰაერო თავდაცვის განგაშის ხმა. ჩინეთმა გამოაცხადა კორონავირუსის კიდევ 19 და სიკვდილის ოთხი შემთხვევის შესახებ. ყველა ეს შემთხვევა უჰანში აღირიცხა 4 აპრილს.

ჩინეთს COVID-19-ის სარეკორდო რაოდენობა, 82500 შემთხვევა აქვს აღნუსხული, დაღუპულთა რიცხვი იქ 3 330-ია.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, CIA, თებერვლის შემდეგ აფრთხილებდა თეთრ სახლს, რომ ჩინეთი კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების რიცხვის შესახებ მცდარ ცნობებს ავრცელებდა და ნაკლებ რაოდენობას იტყობინებოდა.
ჩინეთს ასი ათას მოსახლეზე ექვსი შემთხვევა აქვს, ანუ ბევრად ნაკლები, ვიდრე იტალიას, ესპანეთს, აშშ-ს და სხვა ქვეყნებს, სადაც ვირუსი გავრცელდა, წერდა ნიუ იორკ ტაიმსი.

ექსპერტები უნდობლად არიან ამ მონაცემების მიმართ, რადგან სახელმწიფო მედია კონტროლდება და უცხოეთის მედიას არ აქვს ამ მონაცემებზე წვდომა. ფიქრობენ, რომ რიცხვები შეიძლება განსხვავებული იყოს.

მთელ მსოფლიოში 4 აპრილის საღამოს მონაცემებით, 1 159 515 შემთხვევაა აღრიცხული, 62 376 ადამიანი დაიღუპა დაავადების შედეგად, იტყობინება აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც გვამცნობს, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 237 436-ია;

აშშ-ში, 3 აპრილის ღამის მონაცმებით, 1500 ადამიანი ემსხვერპლა ვირუსით გამოწვეულ დაავადებას ბოლო 24 საათში. პანდემიის დაწყებიდან, გასული 24 საათი სიკვდილიანობის მხრივ ყველაზე უარესი იყო. გარდაცვლილთა რიცხვი იტალიასა და ესპანეთში, ამ მხრივ მსოფლიოში მეორე და მესამე ქვეყნებში, კვლავ იზრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG