Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: „ბევრი გარდაცვლილი“ იქნება და ამერიკელებს დაუდგებათ „ყველაზე რთული“ კვირა


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ „ბევრი გარდაცვლილი“ იქნება და ამერიკელებს დაუდგებათ „ყველაზე რთული“ კვირა COVID-19-ის პანდემიის გამო. ამის ფონზე ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, შემუშავდეს „მარშალის გეგმა ევროპისთვის“, რათა კონტინენტს მხარდაჭერა აღმოუჩინონ ახალი კორონავირუსის გამანადგურებელი ზემოქმედებისგან.

ეს განცხადება გავრცელდა ცნობების ფონზე, რომ მსოფლიოში COVID-19-ით დასნეულებულთა რიცხვმა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 1,26 მილიონს გადააჭარბა და 69 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მეოთხედ მილიონზე მეტი ადამიანი მთლიანად განიკურნა ახალი კორონავირუსისგან.

აშშ-მა გააფართოვა ტესტირების კამპანია და ახლა მსოფლიოში აღნუსხული ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავს, მათი რიცხვი 331 ათასს აღემატება, ვირუსმა იქ 9500-ზე მეტი იმსხვერპლა, 5 აპრილის საღამოს მონაცემებით.

გავრცელებული ცნობებით, საეჭვოა COVID-19-ის შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ჩინეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან,სამხრეთი კორეიდან, ასევე თურქმენეთიდან ვრცელდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოფიციალური პირები „ცას და დედამიწას შეძრავენ", რათა დაიცვან „დიდი ამერიკელი მოქალაქეები“ და აღნიშნა, რომ არმია დიდი რაოდენობის სამედიცინო პერსონალს გამოყოფს, რათა ქვეყანა გამოწვევას გაუმკლავდეს. ტრამპმა სოციალური დისტანცირების რეჟიმი 30 აპრილამდე გაახანგრძლივა, მაგრამ 5 აპრილს იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა მალე დაუბრუნდება სამუშაოს.

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა მოწოდებით, შემუშავდეს „მარშალის გეგმა ევროპისთვის“, რითაც მინიშება გააკეთა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ასეთი დასახელების გეგმაზე, როცა ომით განადგურებულ ევროპას მხარში ამოუდგა აშშ. ფონ დერ ლაიენის თანახმად, ევროკავშირის ხარჯები უნდა ასახავდეს სოლიდარობის აუცილებლობას და კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს უნდა შეესაბამებოდეს.

ესპანეთმა 5 აპრილს გამოაცხადა, რომ ბოლო ათ დღეში გარდაცვლილთა ყველაზე დაბალ მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა 5 პროცენტით გაიზარდა და 131 ათასს მიაღწია. ესპანეთის და იტალიის სახელმწიფო მოხელეები იმედს გამოთქვამენ, რომ მალე მოელიან კრიზისის გაწონასწორებას.

გაერთიანებულ სამეფოში, ბუკინგემის სასახლეში, აცხადებენ, რომ დედოფალი ელისაბედ მეორემ ხალხისადმი საგანგებო მიმართვა ჩაწერა პანდემიასთან ბრძოლის ძალისხმევის შესახებ. ეს იქნება მეოთხე შემთხვევა, რომ თავისი 68 წლიანი მმართველობის მანძილზე საგანგებო სატელევიზიო მიმართვით გამოდის დედოფალი, თუ არ ჩავთვლით საშობაო მიმართვას.

ჯანდაცვის ერთმა ექსპერტმა, რომლიც ბრიტანეთის მთავრობას აძლევს რჩევებს კორონავირუსთან ბრძოლის სფეროში, Imperial College-ის თანამშრომელმა, ნილ ფერგიუსონმა განუცხადა „ბი-ბი-სის“, რომ გარდაცვლილთა რიცხვმა „შეიძლება მიაღწიოს 7000-იდან 20000-ზე ოდნავ მეტამდე“ იმ ზომების პირობებში, რომლებიც გაატარეს კორონავიროუსის გავრცელებასთან საბრძოლველად.

ვირუსით ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში, ირანში, ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა 5 აპრილს, რომ რისკის დაბალი დონის შემცველი ეკონომიკური საქმიანობა 11 აპრილს განახლდება. ირანის თანახმად, COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 58 000-ია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3600. თუმცა, ირანის მთავრობის ინფორმაციის მიმართ ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილი.

აფრიკის 54 სახელმწიფოთა ნახევარზე მეტში გამოცხადებულია გარკვული ხასიათის შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ. გაეროს, აფრიკაში რეგიონული განვითარების პროგრამის დირექტორმა, აჰუნა ეზიაკონვამ განაცხადა, რომ თუ არ მოხდა კონტინეტზე კორონავირუსის გავრცელების გაკონტროლება, სამუშაო ადგილების ნახევარი დაიკარგება, რადგან ავიაკომპანიები, სამომხმარებლო სფერო, ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა დიდ დარტყმას განიცდიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG