Accessibility links

მოსკოვში სამ მღვდელს COVID-19 დაუდასტურდა


მოსკოვის სამი სხვადასხვა ტაძრის სამ მღვდელს კორონავირუსი COVID-19 აღმოაჩნდა.

მოსკოვის საპატრიარქოსთან არსებული სპეციალური სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები აქვს კიდევ ორ სასულიერო პირს, თუმცა, მათი დიაგნოზი ჯერ დადასტურებული არ არის.

ჯგუფის ტელეგრამ-არხით გამოქვეყნდა მღვდლების ვინაობა და მოწოდება, რომ ყველამ, ვისაც ამ სასულიერო პირებთან კონტაქტი ჰქონდა, სიფრთხილე გამოიჩინონ და თვითიზოლაციაში იყვნენ.

29 მარტს, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილემ მართლმადიდებელ მორწმუნეებს მოუწოდა, კორონავირუსის გამო ტაძრებში ნუ მივლენ.

5 აპრილს, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა არ გამორიცხა, რომ მორწმუნეებს მოუწევთ 19 აპრილს, სააღდგომო ღვთისმსახურებას ტელევიზიით უყურონ. მიტროპოლიტის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება არსებულ ვითარებაზე. მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პატრიარქი ამ საკითხზე მრევლს მიმართავს.

რუსეთს ამ დროისთვის დადასტურებული აქვს COVID-19-ით დაავადების 5389 შემთხვევა. გარდაცვლილია 45.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG