Accessibility links

logo-print logo-print

ლევან რატიანი: 62 წლის მარნეულელი ქალი კლინიკას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დატოვებს


ლევან რატიანი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განმარტებით, კლინიკაში განთავსებული 62 წლის მარნეულელი ქალი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაეწერება ბინაზე:

„მინდა გითხრათ, რომ 62 წლის ქალბატონი, რომელიც არის ე.წ. მარნეულის კლასტერიდან, პირველ ეტაპზე მოვიდა დადებითი ტესტი. დღეს ვაგზავნით განმეორებით ტესტს და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა. მისი თქმით, გაუმჯობესებულია ასევე 80 წლის ქალის მდგომარეობაც. იგი მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან:

„ქალბატონი 80 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოსულია მწვავე რესპირატორული დისტრესიით, ორმხრივი მწვავე პნევმონიით, მწვავე სეფსისით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, მისი მდგომარეობა იცით, რომ დინამიკაში გაუმჯობესებული იყო. ამ დილიდან მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან და ქალბატონი სპონტანურ სუნთქვაზეა“, - განაცხადა ლევან რატიანმა. მისი თქმით, პაციენტების გამოჯანმრთელების შანსი მით უფრო მაღალია, თუ ისინი კლინიკას სუნთქვის გაძნელების საწყის სტადიაზე მიმართავენ.

ლევან რატიანის თანახმად, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 51 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ის 188 შემთხვევა, მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

6 აპრილის 10:15 საათის მონაცემებით, 188-დან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG