Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქე კომენდანტის საათის დროს პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს


მოქალაქე კომენდანტის საათის დროს ბათუმში პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს. შემთხვევა 2 აპრილს მოხდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოქალაქეზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კაცი 2 აპრილს, დაახლოებით, 23:45 სთ-ზე სახლიდან აფთიაქში მედიკამენტის შესაძენად გავიდა. ერთ-ერთ აფთიაქში მან შესაბამისი მედიკამენტი ვერ იყიდა და ქუჩის მეორე მხარეს მდებარე აფთიაქში გადასასვლელად ნებართვა იმავე ქუჩაზე გაჩერებულ პოლიციის ეკიპაჟს სთხოვა და თანხმობა მიიღო.

"მას ამავე ქუჩაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟი მიუახლოვდა. მანქანიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმული ორი და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ერთი პირი გადმოვიდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა მიმართა სიტყვებით: "ბიჭო, შენ სად მიდიხარ, არ იცი, რომ კომენდატის საათია", რაზეც მან განუმარტა, რომ წამლის შესაძენად აფთიაქში მიდიოდა და აღნიშნულზე სიტყვიერი თანხმობა პოლიციის სხვა თანამშრომლებისგან ჰქონდა", - ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ რაც მოქალაქემ პოლიციელების გადაღება დააპირა, სამართალდამცავები გაღიზიანდნენ.

"დამაგდეს ძირს, გამკოჭეს... დაახლოებით, ალბათ, ხუთნი იყვნენ. ბევრი მანქანა გამოიძახეს მერე და ასე ამწიეს და შემაგდეს მანქანაში. ვუთხარი, ზურგზე პრობლემები მაქვს და ამისთვის ვარ გამოსული [აფთიაქში], რას აკეთებ, არ გამისკდეს-მეთქი ეს წანაზარდი. ერთ-ერთ ზუსტად იმ ადგილზე ახტა და დამახტა, მიდი და გაგისკდესო", - ჰყვება კაცი "მთავარ არხთან" საუბრისას.

საქმის გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო. ამ მუხლით ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

საქართველოში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს. ამ დროს ქუჩაში გამოსული მოქალაქე წესების დარღვევისთვის 3 000 ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG