Accessibility links

დიალიზის და სხვა პროგრამებში ჩართულთა კლინიკებში მიყვანა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს


ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის პირები, რომლებიც ჩართულნი არიან ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებში, - აღნიშნავს სახალხო დამცველი. იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პირების სამედიცინო დაწესებულებებში მიყვანის, ტრანსპორტირების ვალდებულება სახელმწიფომ უნდა აიღოს:

„ჩვენი ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში ჩართულია 2400-მდე, დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში დაახლოებით 2500, ხოლო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში თებერვლის მონაცემებით 71169 პირი. მათ პერიოდულად, აუცილებელი პრეპარატების მიღების მიზნით უწევთ შესაბამის სამედიცინო ცენტრებში მისვლა, თუმცა ბევრი მათგანისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის პირობებში, აღნიშნული პრობლემას წარმოადგენს“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებსაც სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, წინასწარ მკაცრად განსაზღვრული პერიოდულობით (საშუალოდ კვირაში სამჯერ) და დადგენილ დროს სჭირდებათ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ქვეყნის მთავრობასა და თვითმმართველობის ორგანოებს, დროულად მოახდინონ იმ პირთა იდენტიფიცირება, რომელთაც სჭირდებათ ტუბერკულოზის, C ჰეპატიტისა და დიალიზის პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღების მიზნით ტრანსპორტირებაში დახმარება და უზრუნველყონ ან მათი მიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებამდე.

სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ასევე სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე იმ მოქალაქეების საჭიროებებსაც, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ის 188 შემთხვევა, მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

6 აპრილის 14 საათის მონაცემებით, 188-დან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG