Accessibility links

გალიდან ანაკლიის საკარანტინო ზონაში გადაყვანილი პირი საავადმყოფოში მოათავსეს


ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი ოკუპირებული გალის რაიონიდან. ექიმ-ინფექციონისტის, ლალი დარახველიძის ინფორმაციით, პაციენტს აქვს ცხელება და ყელის ტკივილი. სამედიცინო გამოკვლევების შედეგად გადაწყდება, გაიგზავნება თუ არა მისი ბიოლოგიური მასალა COVID-19-ზე ტესტირებისთვის თბილისის „ლუგარის ლაბორატორიაში“.

ეს პაციენტი ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრია, თუმცა, წლებია ხონის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. 29 მარტამდე, ერთი თვის განმავლობაში გალში, ნათესავებთან იმყოფებოდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაბრუნებისთანავე კარანტინში მოათავსეს.

მას არანაირი კონტაქტი არ ჰქონია გალის რაიონის მკვიდრ, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნებულ ქალთან, რომელიც იმავე ღამით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მეორე დღეს COVID-19 დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოლო დღეებში, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენჯერმე გახსნა 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი და საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების მისაღებად გამგზავრების საშუალება მისცა საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 25 მარტიდან მკურნალობენ კორონავირუსით დაავადებულ კიდევ ერთ პაციენტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მცხოვრებ 67 წლის მამაკაცს, რომელიც თურქეთში იმყოფებოდა. ექიმ ლალი დარახველიძის ინფორმაციით, ამ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და განმეორებითი ტესტირების შედეგის მიხედვით, კლინიკა შესაძლოა, ამ კვირის ბოლოს დატოვოს.

7 აპრილის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია COVID-19-ის 195 შემთხვევა. მათგან 39 გამოჯანმრთელებულია. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG