Accessibility links

ექიმების რჩევით ილია მეორე წირვას არ დაესწრო


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას არ ესწრებოდა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პატრიარქმა ექიმების რჩევა გაითვალისწინა.

"ექიმების რჩევით [არ ესწრებოდა], რადგან წინ ერთმანეთის მიყოლებით მსახურებებია... არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ, ექიმების მოსაზრება იყო და, როგორც წესი, როდესაც ექიმებს კატეგორიული პოზიცია აქვთ, თანხმდება ხოლმე პატრიარქი რაღაცა გამონაკლისებს", - თქვა ჯაღმაიძემ.

მისივე განმარტებით, პატრიარქი ბზობისა და აღდგომის დღესასწაულებზე წირვებს დაესწრება, რომლებიც 12 და 19 აპრილს გაიმართება.

საქართველოში კორონავირუსის მომეტებული საფრთხის გამო თითქმის ყველა დაწესებულება დახურულია. აკრძალულია სამ კაცზე მეტის შეკრება. მთავრობაც და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხალხს მოუწოდებენ, რომ შინ დარჩნენ.

შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში ლოცვები ისევ იმართება, ტაძრებსა და ეზოებში გაკეთდა სპეციალური ნიშნულები, ზიარება კი კვლავ ერთი კოვზით ტარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG