Accessibility links

EMC შრომის ინსპექციას მოუწოდებს, ჩაატაროს „სპარის“ ინსპექტირება


„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, EMC, მიიჩნევს, რომ სასურსათო მაღაზიათა ქსელ „სპარის“ გადაწყვეტილება, მთელი ღამის განმავლობაში სამუშაო ადგილზე დატოვოს დასაქმებულები, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ღირსეული შრომის უფლებას.

„ჩვენი ინფორმაციით, სასურსათო მაღაზია „სპარის“ მაღაზიებში არ არსებობს ღამის გათევის სათანადო პირობები და დასაქმებულებს ხშირ შემთხვევაში უწევთ საწყობებისათვის გამოყოფილ ადგილებში გათენება. სწორედ ამიტომ, EMC „სპარის“ დაუყოვნებლივ ინსპექტირებას მოითხოვს.”, - აღნიშნავენ EMC-ში.

ორგანიზაციის თანახმად, დასაქმებულები ღამეს შეუსაბამო პირობებში ათევენ, კვირაში მინიმუმ 60 საათს მუშაობენ და არათუ იღებენ ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებას, არამედ ქსელის მასშტაბით ხელფასების მასობრივი დაქვითვის პროცესი მიმდინარეობს.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინფორმაციით, ქსელში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 300-დან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, EMC მოუწოდებს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტრის შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს:

  • ჩაატაროს სისტემური მონიტორინგი „სპარში“, ქსელში არსებული შრომითი პირობებისა და შრომითი უფლებების აღწერის მიზნით
  • აღწეროს და გასცეს რეკომენდაციები „სპარში“ დასაქმებულთა უფლებების შესახებ
  • შემოწმოს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სუპერმარკეტის ქსელის ყველა ობიექტზე, მათ შორის, ობიექტებში არსებულ საწყობებსა და დასასვენებელ ადგილებში.

სუპერმარტების ქსელ "სპარის" გადაწყვეტილება, მთელი ღამის განმავლობაში დატოვოს მაღაზიებში დასაქმებულები, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო კომენდანტის საათის ამოქმედებას უკავშირდება.

ქსელის გადაწყვეტილებით, „სპარი“ მომხმარებლებს 6-დან 21 საათამდე მოემსახურება, თანამშრომლები კი ღამეს სუპერმარკეტებში გაათევენ, რათა კომენდანტის საათი არ დაარღვიონ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 2 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულია 39.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG