Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის ფედერალური პროკურატურა: ფიფას ფუნქციონერებმა რუსეთისგან და ყატარისგან ქრთამი აიღეს


ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვის დიდ თეატრში გამართული გალაკონცერტისას. 2018 წ. 14 ივლისი.

ორშაბათს აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ პირველად დაადანაშაულა რამდენიმე ქვეყნის ყოფილი საფეხბურთო ფუნქციონერები რუსეთისგან და ყატარისგან ქრთამების აღებაში, როცა ეს ორი ქვეყანა 2018 და 2022 წლებში საფეხბურთო ჩემპიონატის გამართვის უფლებისთვის იბრძოდა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ტრინიდადიდან და ტობაგოდან, ჯეკ უორნერმა, რუსეთისგან ხუთი მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო შუამავალი კომპანიების ქსელის მეშვეობით.

ამ თანხების ნაწილი გადაიხადეს ამერიკულმა კომპანიებმა, რომლებიც რუსეთის ინტერესებს წარმოადგენდნენ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში.

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრი, გვატემალელი რაფაელ სალგერო ბრალდებულია მილიონი დოლარის აღებაში - კენჭისყრაში რუსეთის სასარგებლოდ ხმის მიცემისთვის.

არგენტინელ ხულიო გრონდონას, პარაგვაელ ნიკოლას ლეოსსა და ბრაზილიელ რიკარდო ტეიშეირას ბრალი ედებათ ქრთამების აღებაში ყატარის სასარგებლოდ.

ეს პირველი ოფიციალური ბრალდებებია, რომლებშიც ლაპარაკია, რომ რუსეთმა და ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატების გამართვის უფლება ფიფას ფუნქციონერების მოსყიდვით მოახერხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG