Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზარბაევი ყაზახეთის ეკონომიკას 2008 წლის კრიზისზე უფრო ნეგატიურ შედეგს უწინასწარმეტყველებს


კორონავირუს COVID-19-ის პანდემია ყაზახეთის ეკონომიკაზე უფრო მძლავრ ნეგატიურ გავლენას მოახდენს, ვიდრე 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი, - აცხადებს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი.

მისი ამ განცხადების ფონია წინა დღით მომხდარი ინციდენტი, როდესაც ყაზახეთის მოქალაქეები შტურმით შეეცადნენ ბანკების ფილიალებში შეჭრას და კორონავირუსის გამო სამუშაოსა და ბიზნესის დაკარგვის სანაცვლოდ, მთავრობის მიერ დაპირებული შემწეობის მიღებას. ერთჯერადი ფინანსური შემწეობა ერთ სულზე $95-ს შეადგენს.

„ახლავეა საჭირო იმაზე ფიქრი, თუ რას გავაკეთებთ ამის შემდეგ. ეკონომიკა შემცირდება. ალბათ, უფრო რთული მდგომარეობა იქნება, ვიდრე 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს“, - აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევმა 7 აპრილს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინთან შეხვედრის დროს.

ნაზარბაევი მიიჩნევს, რომ ეპიდემიის პიკს ჯერ არ ჩაუვლია, ამიტომ მთავრობას დაავალა ყურადღება გაამახვილონ მოსახლეობის სურსათითა და მედიკამენტებით მომარაგებაზე. თავად ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი და ქვეყნის საპატიო ლიდერი აპირებს საგანგებო წერილით მიმართოს ქვეყნის მოსახლეობას.

„დღეს მთელ მსოფლიოს უჭირს. ამიტომ საჭიროა გამოვავლინოთ გამძლეობა და მოთმინება, შევინარჩუნოთ ერთმანეთის პატივისცემა“, - განაცხადა ნაზარბაევმა.

მანამდე ნაზარბაევმა 20 მარტს გააკეთა პირველი მიმართვა კორონავირუსთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ბიზნესმენებს თანხების სპეცფონდში შეტანისკენ მოუწოდა, მოსახლეობა კი გააფრთხილა, რომ მოემზადონ „მკაცრი ეკონომიისთვის“.

7 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის ინფექციით ყაზახეთში დაავადებულია 685 კაცი. ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG