Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან დავითაშვილმა „მწვანე ალტერნატივისა“ და საია-ს განცხადებას „ყოვლად უპასუხისმგებლო“ უწოდა


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოეხმაურა ორი არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივისა“ და საია-ს ერთობლივ განცხადებას. „მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი. მეორე, ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების, არის ყოვლად უპასუხისმგებლო“, - აღნიშნა მინისტრმა და მოგვიანებით ისიც დაამატა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება უფრო მკაცრადაც შეფასდეს.

დავითაშვილის თქმით, საზოგადოებრივი თავშეყრის შესახებ საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნები ახლებურ მიდგომებს გულისხმობს. „ეს უკავშირდება ძალიან დიდწილად გამოყენებას დისტანციური კომუნიკაციების საშუალებების, ვიდეოკონფერენციების, ელექტრონული საშუალებების და სხვა“, - ამბობს მინისტრი.

როგორც ლევან დავითაშვილი განმარტავს, გარემოზე ზემოქმედების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში მთავრობის დისკრეციას, რომლის შემთხვევაშიც მთავრობას გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშეც შეუძლია საქმიანობის უფლების მინიჭება. მაგრამ, მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება ასეთ მიდგომას ემიჯნება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თითოეული მოქალაქის მოსაზრების გააზრება და მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ კომუნიკაციების ახლებურ საშუალებებს. თუმცა მოსახლეობის ჩართულობა ამ პროცესში არის ყოვლად უზრუნველყოფილი. პირიქით, ჩვენ დეტალური პრეზენტაციების განთავსებას ვახდენთ ამ ბოლო დროს ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდებზე, ისე, რომ საზოგადოებამ კონკრეტული პროექტის შესახებ ექსპერტული ინფორმაცია მიიღოს. ასევე, მათ აქვთ საშუალება დასვან კითხვები, გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე, მიიღონ პასუხები, ისე რომ საზოგადოების ჩართულობა აბსოლუტურად უზრუნველყოფილია“, - თქვა დავითაშვილმა. მან დასძინა, რომ სამინისტრო ყველანაირი პირობით კანონმდებლობის მოთხოვნებს იცავს.

6 აპრილს „მწვანე ალტერნატივამ" და საია-მ განცხადება გაავრცელეს, რომლითაც მთავრობას მოუწოდეს, საგანგებო მდგომარეობის დროს შეაჩეროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღება.

„იმის ნაცვლად, რომ პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულიყო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი ჩვეულად გაგრძელდება, საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვით და საჯარო განხილვის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG