Accessibility links

გაერომ სირიაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შესახებ ანგარიშში გვერდი აუარა რუსეთის ხსენებას


რუსეთის ბომბდამშენის რეიდი სირიაში

სირიაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის თაობაზე გაეროს მიერ ჩატარებულ გამოძიების დასკვნაში აღნიშნულია, რომ დიდი ალბათობით სირიის რეჟიმსა და მისი მოკავშირეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა რამდენიმე სამოქალაქო ობიექტზე განხორციელებული იერიშებისათვის. მაგრამ ანგარიშში არაფერია ნათქვამი სირიის მთავარი სამხედრო დონორის, რუსეთის კონკრეტულ პასუხისმგებლობაზე, რამაც უფლებადამცველების აღშფოთება გამოიწვია.

გამოძიებამ წარმოადგინა „უღიმღამო“ ანგარიში, რომელიც ყოველმხრივ უვლის გვერდს რუსეთის ხსენებას, რომელიც სირიის რეჟიმთან ერთად უფლებების მთავარი ხელმყოფია, - ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის თავმჯდომარის, კენეთ როთის მიერ ტვიტერით მიერ გავრცელებულ კომენტარში.

თავის დროზე, სწორედ უფლებადამცველები მოუწოდებდნენ გაეროს, რომ გამოეძია სირიაში სამოქალაქო ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ფაქტები.

გაეროს მიერ 6 აპრილს გამოქვეყნებულ 185-გვერდიან ანგარიშში შესწავლილია სირიაში ბავშვების სამკურნალო დაწესებულების, საავადმყოფოს, ერთ-ერთი სკოლის, ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის, სულ ოთხი ობიექტის, დაბომბვის ფაქტი. გამოძიების დასკვნით, ამ ობიექტებზე თავდასხმისათვის „დიდი ალბათობით“ პასუხისმგებლობა ეკისრება სირიის სამთავრობო ჯარებსა და მის მოკავშირეებს.

უფლებადამცველები ხშირად ადანაშაულებდნენ სირიის სამთავრობო ჯარებს სამოქალაქო ომის დროს ფართომასშტაბინი სამხედრო დანაშაულისა და სამოქალაქო ობიექტების გამიზნული დაბომბვისათვის. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ რუსეთზე, რომელიც სირიის რეჟიმის მთავარი სამხედრო და ეკონომიკური დონორია.

2015 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ სირიაში, ომის სასწორი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარეს გადახარა. ამჟამად სამთავრობო ჯარების მთავარ სამიზნეს წარმოადგენს სირიელ მეამბოხეთა ბოლო ციტადელი, ჩრდილო-აღმოსავლეთ იდლიბის პროვინციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG