Accessibility links

საქართველოს პატრიარქი: „ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს“


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხარების დღესასწაული მორწმუნეებს ვიდეომიმართვით მიულოცა:

„დღეს არის დიდი დღესასწაული ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება“, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვიდეომიმართვაში, რომელიც ტელეკომპანია „ერთსულოვნებამ“ გაავრცელა. მიმართვაში ილია მეორე ამბობს, რომ ყველა სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს:

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერა ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს“, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.​

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას არ დასწრებია. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პატრიარქმა ექიმების რჩევა გაითვალისწინა.

მისივე განმარტებით, პატრიარქი დაესწრება წირვებს ბზობისა და აღდგომის დღესასწაულებზე, რომლებიც 12 და 19 აპრილს გაიმართება.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG