Accessibility links

გამყრელიძის თქმით, შემთხვევების რაოდენობა კვირის ბოლოს 350-400-ს მიაღწევს


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა „ფეისბუკზე“ პირდაპირ ეთერში ილაპარაკა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ მოსალოდნელი მასშტაბების შესახებ.

„ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350-400-ის ფარგლებში [შემთხვევების რაოდენობა]. ჩვენი გამოსვლების დროს აღინიშნებოდა, რომ ეს თვე (აპრილი) იქნებოდა საკმაოდ რთული. შემდგომ ყოველკვირეულ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება, იყოს გაორმაგება. აპრილი, მაისის პირველი კვირა იქნება საკმაოდ რთული, ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება“, - აღნიშნავს გამყრელიძე. ის სხვადასხვა ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობის კლების ტენდენციას მძლავრი სოციალური დისტანცირების ინსტრუმენტებს უკავშირებს. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი საქართველომ საკმაოდ ადრე და დროულად გადადგა და სწორედ, ამით არის განპირობებული დიდი ეპიდაფეთქების თავიდან აცილება.

ამირან გამყრელიძე სხვა მოდელებსაც შეეხო. „თუმცა არის სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება, იყოს უფრო მოგვიანებით, ვთქვათ, ივლისში, ან სექტემბერში და ა.შ. ამაზე გარკვეული პერიოდულობით ჩვენთან იკრიბება ჯგუფი, ამაზე ვმსჯელობთ და ვისაც აინტერესებს, შეუძლია, დაესწროს ამ შეხვედრებს“, - თქვა მან.

გამყრელიძემ უპასუხა შეკითხვას, ყველაზე ცუდი პროგნოზით, როგორი შედეგები არის მოსალოდნელი, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ აპრილის ბოლოს იქნება 1000-1200 შემთხვევა და ამავე დროს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც ბევრად მოიმატებს.

„არ მოგახსენებთ ყველაზე რთული ვერიის შემთხვევაში, რამდენი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ერთდროულად", - დასძინა მან.

ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ საქართველოში 46-ს მიაღწია. კორონავირუსი სულ 196 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის, გარდაიცვალა 3 ადამიანი. სულ 3 457 ტესტია დახარჯული. კარანტინის რეჟიმში 4 708 პირი იმყოფება. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 370.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG