Accessibility links

ამირან გამყრელიძე კერძო სექტორს მოუწოდებს ტესტების შემოტანაში მეტად იაქტიუროს


„ტესტებზე, რომელიც 15-20 წუთში იძლევა პასუხს (ანტისხეულებსა და ანტიგენზე დამყარებული ტესტები), მათზე შეკვეთა არის გაკეთებული, ათეულ ათასობით მარაგისა. ამაზე სახელმწიფო მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში იქნება“, - თქვა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუკზე“ პირდაპირი ეთერის დროს.

გამყრელიძემ, აგრეთვე ახსენა გასულ კვირას დამტკიცებული ლაბორატორიული ტესტირების ახალი ალგორითმი, რომლითაც, მისი აზრით, ტესტირება ხელმისაწვდომი იქნება. ის კერძო სექტორსაც მიმართავს: „გარდა სახელმწიფო ლაბორატორიებისა, კერძო სექტორს ხშირად მოვუწოდებთ, რომ მათ მეტი უნდა იაქტიურონ, მათ შორის, ტესტების შემოტანაში. ქვეყანაში დარეგისტრირებულია, როგორც მე ვიცი, რამდენიმე დასახელების ტესტი, როგორც PCR, ასევე სწრაფი ტესტები. უფრო აქტიურად იმუშაოს კერძო სექტორმა. ახლა დგინდება სახელმწიფო ტარიფი თითო ტესტზე, იმიტომ, რომ ამის შემდგომ ანაზღაურებას აკეთებს სახელმწიფო, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის საშუალებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი აღარ იქნება დიდი დისკუსიის საგანი“.

ახალი სახეობის კორონავირუსის დასადგენად საქართველოში სულ 3 457 ტესტია დახარჯული. კორონავირუსი სულ 196 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 46 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 ადამიანი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG