Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოელი მოკავშირეები განაგრძობენ ერთმანეთის მხარდაჭერას კორონავირუსის წინააღმდეგ


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები განაგრძობენ სამედიცინო და სპეციალური აღჭურვილობით კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული მოკავშირეების მხარდაჭერას.

პანდემიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციოდ სამოქალაქო ძალისხმევის მხარდაჭერის საკითხებზე, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის გაცხადებით, ნატოს თავდაცვის მინისტრები თვის ბოლოს გამართავენ საგანგებო თათბირს, რომელიც ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართება, როგორც ეს პირველად მოხდა საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემთხვევაში.

7 აპრილს კი სატელეფონო საუბარი გაიმართა ნატოს გენერალურ მდივანსა და ალიანსის ახალი წევრი ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პრეზიდენტ სტივო პენდაროვსკის შორის. იენს სტოლტენბერგმა მისასალმებელი უწოდა იმ მხარდაჭერას, რაც ნატოელმა მოკავშირეებმა ბლოკის ახალ წევრ ჩრდილოეთ მაკედონიას აღმოუჩინეს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნატოს საიტის ცნობით, სკოპიემ უნგრეთისგან მიიღო 100 ათასი დამცავი პირბადე და 5000 ათასი კომბინეზონი, სლოვენიისგან - 100 ათასი ქირურგიული პირბადე და ამდენივე დამცავი ნიღაბი, აშშ-ის ხელისუფლება ჩრდილოეთ მაკედონიას დაჰპირდა $1,1 მილიონის დახმარებას, რომელიც მოიცავს COVID-19-ის ვირუსის ტესტირების, პრევენციისა და კონტროლის საშუალებებს. ნორვეგიამ ჩრდილოეთ მაკედონიას გადასცა საველე ჰოსპიტალი და სხვა, დაახლოებით, 180 000 ევროს ღირებულების აღჭურვილობა.

ნატოს საიტის თანახმად, ჩრდილოეთ მაკედონიამ დახმარებისათვის 30 მარტს მიმართა „კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს“ (EADRCC), რომელიც, თავის მხრივ, დახმარების თხოვნას უგზავნის ნატოს წევრ ქვეყნებსა და პარტნიორებს. ამა თუ იმ ქვეყნისათვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG