Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: უცხოეთიდან საქართველოს 5 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა


„უცხოეთდან საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა არის ძალიან დიდი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. თუმცა, მისი სიტყვებით, მოქალაქეთა დაბრუნებისას საქართველო ხელმძღვანელობს არსებული რესურსების გათვალისწინებით და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული კრიტერიუმებით.

„ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ინფრასტრუქტურა შეხვდეს მომზადებული საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ, ეტაპობრივ დაბრუნებას, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი სიტყვებით, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ ინფიცირებული და მათი სასწრაფო მკურნალობა იყოს საჭირო, ასევე ითვალისწინებენ საკარანტინო სივრცეებში არსებული ოთახების რაოდენობას. მინისტრის განმარტებით, ყველა რეისი ამ მოთხოვნების შესაბამისად იგეგმება.

დავით ზალკალიანის განცხადებით, სულ საქართველოში 5 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის ნაწილი - სახმელეთო გზით.

„არსებობს ბორანი, რომელსაც უკრაინიდან მოჰყავს ჩვენი მოქალაქეები, ავტობუსებით, სახმელეთო გზით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 48 შეადგინა.

STOPCOV.Ge-ის თანახმად, სულ დადასტურებულია ინფიცირების 208 შემთხვევა, გარდაცვლილია - 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG