Accessibility links

დავით ზალკალიანი მზადაა, სპეცრეისის ბილეთის ფასზე პასუხი აგოს


თუ წარმოადგენთ ერთ მაგალითს, ან ერთ მგზავრს, რომელიც უკვე დაბრუნდა საქართველოში სპეცრეისით და ბილეთში 200 ევროზე მეტი თანხა გადაიხადა, მე პირადად მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო ამასთან დაკავშირებით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს არ შეეხება იმ კომერციული რეისების ფასს, რომელიც მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციამდე მოქმედებდა.

„ახლა ეს არის ძალიან მკაცრად გაკონტროლებული საბჭოს მხრიდან, რომ ბილეთების ზედა ზღვარი არ იყოს 199 ევროზე მეტი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან სიცრუე უწოდა ინფორმაციას, თითქოს ბილეთები ე.წ. შავ ბაზარზე უფრო მაღალ ფასად იყიდებოდეს.

„კიდევ ერთ ძალიან დიდ სიცრუესთან და მავნებლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც მსგავსი სახის სიცრუის ტირაჟირება ხდება, მედია იქნება ეს, სოციალური მედია თუ სხვა საშუალებებით. ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია და ვისაც ერთხელ მაინც შეუძენია ავიაბილეთი, მან ძალიან კარგად იცის, რომ გადაყიდვა სხვა ფასში ან ერთი პირის შეცვლა მეორეთი წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ ყველა ბილეთს აქვს თავისი სახელი, გვარი და ეს ძალიან მკაცრად კონტროლდება შესაბამისი ავიაკომპანიის მხრიდან და დაუშვებელია, რომ ერთი პირიდან მეორეზე მოხდეს ბილეთის გადაყიდვა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე. მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG