Accessibility links

გერმანია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას "პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს" უთანაბრებს


ზელიმხან ხანგოშვილი

გერმანიის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, მკვლელობა, რაც, სავარაუდოდ, რუსეთის დაკვეთით მოხდა, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს მიაკუთვნა, - ამის შესახებ იუწყება გერმანული გამოცემა Der Tagesspiege-ი.

„ამას არაპირდაპირ ადასტურებს მთავრობის პასუხი, შინაგან საქმეებზე ბუნდესტაგის „მწვანეთა“ პარტიის უფლებამოსილი პირის, ირენ მიხალიჩის, შეკითხვაზე, რომელიც შეეხებოდა 2019 წელს მომხდარ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს. გასული წლის 23 აგვისტოს რუსეთის მოქალაქემ ვადიმ კრასიკოვმა მოაბიტის რაიონში თავის არეში გასროლით მოკლა ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე“, - ნათქვამია სტატიაში.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენა რუსეთის მოქალაქეს და მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.

„პასუხში საუბარია ერთ პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობაზე, რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთ ექსტრემისტულ სფეროს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ Der Tagesspiegel-ს დაუდასტურა, რომ საუბარია ხანგოშვილის მკვლელობაზე“, - იუწყება გამოცემა.

სტატია მკითხველს შეახსენებს, რომ მკვლელობის სავარაუდო შემკვეთებად ითვლება პუტინის რეჟიმი ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სასტიკი მმართველი, რამზან კადიროვი. საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მხარს უჭერდა საქართველოს რუსეთთან კონფლიქტის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG