Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში მოზარდი გარდაიცვალა - COVID-19-ზე ანალიზის პასუხს ელიან


8 აპრილის ღამით სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 2005 წელს დაბადებული მოზარდი. ამის თაობაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის კორონავირუსის ინფექციისგან დაცვის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ინფორმაციის თანახმად, მოზარდს კორონავირუს COVID-19-ზე უკვე აუღეს ანალიზი და შედეგებს მოგვიანებით ელოდებიან.

განცხადების თანახმად, პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარებაში მოათავსეს, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად გარდაიცვალა.

მანამდე, 3 აპრილს პაციენტი სოხუმის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს, ნაწლავური ინფექციის წინასწარი დიაგნოზით. 5 აპრილს პაციენტის მდგომარება სტაბილური გახდა და ის ადგილობრივი პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ ამბულატორიულ რეჟიმში სამკურნალოდ გაწერეს.

„პაციენტს ბავშვობიდან სხვადასხვა ქრონიკური დაავადება აღენიშნებოდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში წოლითი რეჟიმი ჰქონდა. არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გარდაცვლილს კორონავირუსზე ანალიზები აუღეს“, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 7 აპრილს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთში COVID-19-ის პირველ შემთხვევად არ თვლის კორონავირუსით გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრის დაავადებას. 50 წლის ქალი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა. მას უკვე აღენიშნებოდა კორონავირუსის სიმპტომები. იმავე ღამით, პაციენტს დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი გაუხსნეს. ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. 30 მარტს თბილისის „ლუგარის ლაბორატორიამ“ დაადასტურა, რომ მას COVID-19 აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG