Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროებს მთავრობა სესხის გადახდაში დაეხმარება


საქართველოს მთავრობა სესხის მქონე მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროებს დაეხმარება. პროგრამა გავრცელდება ყველა იმ სასტუმროზე, რომელმაც სესხი 2020 წლის პირველ მარტამდე მშენებლობისთვის, გაფართოებისთვის, აღჭურვისთვის ან რემონტისთვის აიღო.

პირველი მარტიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მთავრობა ლარში აღებული სესხის პროცენტის 80 პროცენტს გადაიხდის, ევროსა და დოლარში კი - 70 პროცენტს. მეწარმეს შეუძლია, ეს თანხა გამოიყენოს ბანკში აქამდე არსებული ვალდებულების დასაფარად.

პროგრამა არ გავრცელდება იმ მეწარმეებზე, რომლებიც ბანკებში 2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობით „პრობლემურ კატეგორიაში“ მოხვდნენ.

მაგალითად, თუ თქვენ ყოველთვიურად 10 ათას ლარს იხდიდით ბანკში, საიდანაც 7 ათასი ლარი ძირი თანხა იყო, 3 ათასი ლარი კი დარიცხული პროცენტი, მთავრობა დაგიფარავთ 2,4 ათას ლარს. ანუ თქვენ 10 ათასის ნაცვლად გადაიხდით 7,6 ათასს.

ვინ ისარგებლებს პროგრამით

  • ვისაც მილიონ ლარამდე, ან 300 ათასი აშშ დოლარამდე, ან 250 ათას ევრომდე მოცულობის სესხი აქვს აღებული;
  • ვის ხელშეკრულებაშიც ეწერება, რომ სესხი ხმარდება სასტუმროს მშენებლობას, გაფართოებას, აღჭურვას ან რემონტს;
  • სადაც ნომრების რაოდენობა 4-დან 50-მდეა.

დეტალური ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობის შესახებ

მთავრობის წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო პირდაპირი ზიანი მიადგა ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებს. დიდი სასტუმროების მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარზე მეტი იხარჯება. დამატებით დაიხარჯება თანხა ამ პროექტის ფარგლებში მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროების სესხის დაფარვაში თანამონაწილეობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG