Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორ გრემის თქმით, აშშ-მა აღარ უნდა დააფინანსოს WHO მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში


სენატორი ლინდსი გრემი
სენატორი ლინდსი გრემი

აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრემმა სამშაბათს Fox news-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ამ ხელმძღვანელობის პირობებში არ უნდა მიიღოს დაფინანსება აშშ-ისგან. ასევე მან ჩინეთს დააკისრა პასუხისმგებლობა კორონავირუსის პანდემიისთვის.

„ასიგნებების შესახებ შემდეგ კანონპროექტში არ იქნება არავითარი თანხა WHO-სთვის. მე პასუხისმგებელი ვარ ასიგნებების ქვეკომიტეტისთვის. არ ვაპირებ WHO-ს დაფინანსების მხარდაჭერას მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში“.

გრემმა WHO-ს ბრალი დასდო, რომ ორგანიზაციამ თავი ვერ გაართვა კორონავირუსის კრიზისს.

თავისი კომენტარით გრემი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას. ტრამპმა სამშაბათს კორონავირუსის პრობლემებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე გააკრიტიკა WHO, მას „ჩინეთზე კონცენტრირებული“ უწოდა და განაცხადა, რომ ამერიკა დაფინანსებას შეუწყვეტს მას.

Fox news-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლინდსი გრემი თავს დაესხა ჩინეთსაც და პანდემიისთვის პასუხისმგებლობა დააკისრა მას.

„ჩინეთი რომ არ ყოფილიყო უპასუხისმგებლო, მსოფლიოსთვის ტყუილი რომ არ ეთქვა დაავადების გავრცელების გზების შესახებ, ინფიცირების დონის შესახებ ინფორმაცია რომ არ დაემალა, არ ჩაეჩუმებინა ექიმები, მსოფლიოში არ იქნებოდა პანდემია“, თქვა გრემმა და ჩინეთს პანდემიის „ინკუბატორი“ უწოდა.

დღეის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 400 ათასს მიაღწია, გარდაიცვალა 12911 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 22500-ზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG