Accessibility links

„ვიშეგრადის ოთხეული“ აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრებს COVID-19-თან ბრძოლაში დახმარებას დაჰპირდა


„ვიშეგრადის ოთხეულის“ ქვეყნები (V4) დააფუძნებენ სოლიდარობის პროგრამას აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრთათვის დასახმარებლად COVID-19-თან ბრძოლაში და ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელშესაწყობად, რათა მათ ეტაპობრივად შეძლონ ევროკავშირის შიდა ბაზარზე წვდომის მოპოვება.

ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავლის შესახებ 8 აპრილს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში კვარტეტმა განაცხადა, რომ ისინი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფარგლებში აამოქმედებენ „ვიშეგრადის ოთხეულის საგანგებო პროგრამას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის“. პროგრამას ექნება გამარტივებული პროცედურა და მისი მიზანია „გააძლიეროს ჯანმრთელობა, სოციალური და ეკონომიკური გამძლეობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, რომლებიც დაზარალდნენ COVID-19-ით და მისი შედეგებით“.

„ვიშეგრადის ოთხეულმა“ განაცხადა, რომ პროგრამისთვის გათვალისწინებულია 250 ათას ევრომდე გამოყოფა.

განცხადება არის პასუხი ევროპის კომისიის გასული თვის შეტყობინებისა აღმოსავლეთის პარტნიორობის თაობაზე.

აღმოსავლეთის პარტნიორობას 2009 წელს დაედო საფუძველი. მასში გაწევრიანებული არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მისი მიზანია, ევროკავშირთან დააახლოოს ეს ქვეყნები ბლოკში გაწევრიანების კონკრეტული შეთავაზების გარეშე.

„ვიშეგრადის ოთხეულის“ განცხადება არ შეიცავს ევროკავშირის მომავალი წევრობის მოწოდებას, მაგრამ მასში ნათქვამია: „აღმოსავლეთის პარტნიორების პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ჩვენს მთავარ მიზნად რჩება“.

ოთხეული მხარს უჭერს ასევე „ჩვენი პარტნიორების ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივ წვდომას ორმხრივად სასარგებლოდ მიჩნეულ დონემდე ჩვენი პარტნიორებისთვის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის“.

„ვიშეგრადის ოთხეულის“ განცხადება ნაწილი იქნება აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ დებატებისა, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ აპრილის ბოლოს. ასევე ის ყურადღების ცენტრში იქნება აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, რომელიც 18 ივნისისთვის არის დაგეგმილი ბრიუსელში, თუმცა შესაძლოა გადაიდოს პანდემიის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG