Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმღერა, რომელიც ყველა გაჭირვების ტალკვესია


სიმღერა კი არა, ზვავია.

თავიდან კონკრეტული, შედარებით მცირე ზომის დაბრკოლების გადალახვაზე იყო. შემდეგ კი უამრავი სხვადასხვა დაჩაგრული ჯგუფის, მილიონობით ადამიანის ჰიმნი გახდა. ვინ იცის, რამდენისთვის მიუცია ძალა, ყველაზე უფრო დიდი განსაცდელის დროს თავი მაღლა აეწია და ეგრძნო - ცუდად ვარ, მაგრამ გადავრჩები!

თითქოს მხოლოდ განშორებაზე და მარტო ყოფნისას ძალის მოკრებაზეა დაწერილი, მაგრამ, აი, ნახეთ...

I Will Survive ფრედი პერენმა და დინო ფეკარისმა დაწერეს. ფეკარისს, რომელსაც ტექსტის უმეტესობა ეკუთვნის, სამსახური ახალი დაკარგული ჰქონდა - Motown-მა, შვიდწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, უცერემონიოდ დაითხოვა. ტექსტის სულისკვეთებაც მის იმდროინდელ განწყობას ასახავდა - არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ გადავრჩებიო.

სიმღერა გლორია გეინორს შესთავაზე, რომელიც იმ დროს თავის პრობლემებს ებრძოდა - თავისმა ხმის ჩამწერმა კომპანიამ, „პოლიდორმა“ მასზე უარი თქვა, შემდეგ კი კონცერტისას სცენიდან ჩამოვარდა და ხერხემალი დაიზიანა - წელსქვემოთ მოწყდა და მხოლოდ სამთვიანი მკურნალობის და მძიმე ოპერაციის შედეგად შეძლო ფეხზე დადგომა.

რა გასაკვირია, რომ იმ წუთას გლორია ყველა სიტყვას და ყველა აკორდს განსაკუთრებულად კარგად გრძნობდა.

კარგა ხნის შემდეგ, უკვე ორიათასიან წლებში, გლორიამ აღიარა, რომ სტუდიაში, ვოკალის ჩაწერისას მხოლოდ „პოლიდორზე“ და ხერხემლის ოპერაციაზე არ ფიქრობდა. თავის მემუარებში წერდა, ბავშვობაში არაერთხელ ვყოფილვარ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და “go on now, go, walk out the door-ს” - ამ მოგონებებსაც ვეუბნებოდი იმ ადამიანებსაც, ვინც ეს საზარელი ტკივილი მომაყენაო.

ტექსტში ყველა თავისას ხედავს ხოლმე. ოჯახური ძალადობის არაერთ მსხვერპლს უთქვამს, სწორედ I Will Survive დამეხმარა ძალის მოკრებაში და სიტყვები: „and you see me Somebody new I'm not that chained-up little personstill in love with you“ უბრალო ტექსტი კი არა, დამოუკიდებლობის დეკლარაცია იყოო.

სიმღერა 1978 წელს გამოვიდა და მალევე იქცა LGBT თემის ჰიმნად. რთული მისახვედრი არაა, რატომაც - დისკო თავიდან ისედაც ქვიარ მუსიკა იყო და გადარჩენის და არშეპუების აღმწერი ტექსტი მათ იმდროინდელ განწყობას ზუსტად ეხმიანებოდა.

შემდეგ კი შიდსის ეპიდემია გამწვავდა და I Will Survive-მა კიდევ ახალი დატვირთა შეიძინა. უცხო, გაუგებარი და საშინელი დაავადება ასობით გეის ცელავდა და გარშემო ეს ცოტას თუ ადარდებდა. ერთი ავტორი იხსენებს - დროდადრო კლუბში დავდიოდი, რომ მენახა, ვინ იყო ცოცხალი. რამდენიმე კვირა თუ მეგობარს ვერ შევხვდებოდი, ავტომატურად ვთვლიდი, რომ მკვდარი იყო და ხშირად მართალიც ვიყავიო.

განიცდიდნენ, ეშინოდათ, მაგრამ იბრძოდნენ.

სწორედაც რომ I Will Survive!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG